გიორგი გახარია – მესმის, რომ მომიწია მძიმე ნაბიჯის გადადგმა და რეალურ პოლიტიკაში ვარ, რაც უნდა დამიძახონ, „მოღალატე“, „თვალთხარია“, ამასაც მოვითმენ

მესმის, რომ მომიწია მძიმე ნაბიჯის გადადგმა და რეალურ პოლიტიკაში ვარ, რაც უნდა დამიძახონ, „მოღალატე“, „თვალთხარია“, ამასაც მოვითმენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე და აღნიშნა, რომ განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა.

„ეს განცხადება შექმნილია პირველ რიგში იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა, მაგრამ აქ, იქიდან გამომდინარე, რომ სიმართლის ნაწილში მე ვადასტურებ, ჩვენ არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით „ქართული ოცნება 2“, ტყუილია ის, რომ ვინმე ავრცელებს ამაზე ხმას. სხვათა შორის, ძალზედ კორექტულად არის, ნესბით თუ უნებლიეთ, ეს რაღაც განმარტებები და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ფორმები, ყველანაირი დასაბუთების გარეშე. დასაბუთება არის მხოლოდ ის, რომ ორი დღით ადრე პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა; ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი უფრო „გაპრავებულად“ დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება და დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს, რომ ამის დადასტურების და ახსნის შესაძლებლობა დღეს მექნება.

რა არის აქ მთავარი, ყველაფრის მიუხედავად, მესმის, რომ მომიწია ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა და დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ, რაც უნდა დამიძახონ, „მოღალატე“, „თვალთხარიაც“ დაუძახიათ ჩემთვის, ამასაც მოვითმენ. მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი. ჩემი მიდგომა იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სხვადახვა ძალას და სხვადასხვა პლატფორმას წარმოადგენენ, არ შეიცვლება, რადგანაც დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, გულისხმობს სწორედ ამას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.