ანრი ოხანაშვილი – პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ

პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობამ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საკითხის რევიზიის თაობაზე და შესაბამისად, კანონპროექტი 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება.

„პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები ეუთო/ოდირი, ვენეციის კომისიისგან და აქ იყო მოწოდება რომ, ჩვენ მოგვეხდინა ამ საკითხის რევიზია. ჩვენ გადავხედეთ ამ საკითხს და ნაცვლად იმისა, რომ კანონპროექტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამოქმედდეს 2022 წლის პირველი თებერვლიდან, რათა არ იყოს აღქმა, რომ ეს კეთდება რაიმე პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. არამედ იყოს სწორება იმაზე, რომ ეს არის დემოკრატიის პრინციპის შესაბამისი და საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ.

რომ არ გაჩნდეს არანაირი სპეკულაციის საფუძველი, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება იმის თავისუფლება, რომ ვინც პარლამენტში შემოსულია, მათ სადარდებელი არაფერი აქვთ, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დემოკრატიის საწინააღმდეგოდ წასვლის შემთხვევაში, დემოკრატია არის თავდაცვისუნარიანი. ეს ნიშნავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ეს იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ ამ კანონის მეშვეობით, არავინ არ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.