„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან 5.2 მლრდ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა -10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

ასევე ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

„კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.

2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.

ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ,” – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.