ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარმოებულ საქმეში მოწმის სახით გამოკითხული პირის მიმართ მუქარის ფაქტზე ჩ.გ.-ს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით გამოკითხული პირის გ.ჩ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ჩ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, გ.ჩ. ცნობილია დაზარალებულად და შესთავაზეს მისი და ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩ.გ. 2021 წლის 11 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე.

პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დრომდე თავს იკავებდა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კომენტირებისგან. ამასთან, ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური. მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.

ბრალდების მხარე, ჩ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password