მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ნატო-ს დეკლარაციის ტექსტში ასახულია საქართველოს პროგრესი, მაქვს მოლოდინი, გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება – დავით ზალკალიანი

საქართველოს საკითხი შეტანილია ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ პარტნიორები საქართველოს განიხილავენ, როგორც საერთო ღირებულებების მატარებელ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება ნატო-ს სამიტი. ეს გახლავთ სამიტი, რომელიც განსხვავებული ფორმატით იმართება და ერთგვარად არის მოსამზადებელი 2022 წლის ნატო-ს სრულმასშტაბიანი სამიტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი და არც ერთი პარტნიორი ქვეყანა სამიტზე არ არის მიპატიჟებული, ჩვენი აქტიური მუშაობით მოვახერხეთ, რომ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საკითხი არის შეტანილი ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში, რომლის სათაური გახლავთ საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ნატო-ს პარტნიორები განიხილავენ, როგორც საერთო ღირებულებების მატარებელ ქვეყანას, რომელიც არის წარმატებული ასპირანტი, ქვეყანას, რომლის საბოლოო მიზანია წევრობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ბოლო დროის მაღალი რანგის ვიზიტები გამოყენებული იყო, რათა ნატო-ს დეკლარაციაში ასახულიყო საქართველოს პროგრესი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული საბოლოო ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის, ჩემი ვიზიტები ცალკე, ასევე თბილისში ვიზიტები, ჩვენი მხრიდან ძირითადად, მაქსიმალურად გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენი თემატიკა, საქართველოს პროგრესი ყოფილიყო ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში შესაბამისად ასახული“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, უკვე გააჩნია წინასწარი ინფორმაცია, რომ საქართველოს საკითხზე დეკლარაციის ტექსტში ძალიან მკაფიო გზავნილებია.

„მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ სულ რამდენიმე საათში იხილავთ ტექსტს, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი, ტექსტში არის ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით. მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. იქნება საუბარი ოკუპაციასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხაზგასმა იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის და ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რაც არის ჩვენს წევრობასთან დაკავშირებული, ასახული იქნება სამიტის დეკლარაციაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password