სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს კომუნიკეს „თვითერის” თავის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისადმი.