რომან გოცირიძე – სიის პირველ ნომერზე ასეთი თავდასხმით და მის მიერ გაფუჭებული საქმეების მხილებით, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ მისი მმართველობა უსუსურია

სიის პირველ ნომერზე ასეთი თავდასხმით და მის მიერ გაფუჭებული საქმეების მხილებით, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ მისი მმართველობა უსუსურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც სხედან.

„როცა საკუთარ პრემიერზე და სიის პირველ ნომერზე ასეთი თავდასხმა და მის მიერ გაფუჭებული, ჩავარდნილი საქმეების მხილება ხდება, ეს არის თვითლუსტრაცია, აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა არის უსუსური, რომელსაც არ შეუძლია არაფრის დაგეგმვა, არც სპეცოპერაციის და არც ეკონომიკის განვითარება. თურმე, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ყოფილა აბსოლუტურად არაეფექტიანი და ქმედუუნარო, ცუდი ყოფილა. პრემიერი და სიის პირველი ნომერი თუ ცუდია, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები კარგები როგორ გამოდიან? ვერ ხვდებიან, რომ ის ტოტი მოჭრეს, რომელზეც სხედან. თავიანთი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინეს გახარიას ჩაფლავებული საქმეებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი, რამაც ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.