კობახიძე და გახარია ტექნიკურად სიმართლეს ამბობენ ერთმანეთზე – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი გახარიას მიმართ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ “ერთმანეთზე სიმართლეს ლაპარაკობენ.”

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის კრიტიკა, რაც ახლა კობახიძეს გახარიას მისამართით აქვს, ზუსტად იგივე ჰქონდა თავის დროზე “ევროპულ საქართველოსაც.”

“ტექნიკურად სიმართლეს ამბობენ ერთმანეთზე. გახარია ამბობს, რომ სისტემური კორუფცია იყო, ეს ასეა. კობახიძეც ჰყვება და ციტირებს იმ კრიტიკას და ბრალდებებს, რაც მაგალითად „ევროპულ საქართველოს“ გვქონდა ლეგიტიმურად ამ კაცის, გახარიას მიმართ მთელი მისი კარიერის განმავლობაში – პანკისის სპეცოპერაცია, აქაური სპეცოპერაცია, შემდეგ 20 ივნისი, პირველ რიგში, გავრილოვის ამბები, შემდეგ კოვიდის მართვა. ოღონდ ეს ხალხი გუშინწინ სრულიად საპირისპიროს ამბობდნენ ერთმანეთზე და ვითარებაზე,”- აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ  გახარიას შს მინისტრობის დროს 20 ივნისის მოვლენები არასწორად იყო დაგეგმილი.