“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – პანდემიის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პანდემიის პერიოდში პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.  ანგარიშის თანახმად, მოკვლევის პერიოდში საკანონმდებლო ორგანო  აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს არ ახორციელებდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს, პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას.”

კვლევაში საუბარია სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე და ინტერესთა კონფლიქტზე.

„საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგალითად ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე, არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები,“- ნათვქმია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში ჩაატარა. კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები.