ანა დოლიძე – „კლანის“ მიერ კიდევ ერთი ტალღის დანიშვნა უზენაეს სასამართლოში ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” იბრძვის, რათა ყველა სკამი მას ჰქონდეს სასამართლოში

„კლანის“ მიერ კიდევ ერთი ტალღის დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” იბრძვის, რათა ყველა სკამი მას ჰქონდეს სასამართლოში, – ასე ეხმაურება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის კენჭის ყრას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „კლანი” ძალაუფლების მონოპოლიზაციას აგრძელებს სასამართლოში. ამის თანამონაწილე არის „ქართული ოცნების” პარლამენტი, რომელიც ცდილობს თქვას „ამას კლანი აკეთებს და ჩვენ არაფერ შუაში ვართ”.

სინამდვილეში, „ქართული ოცნება” დასავლელ პარტნიორებს, შარლ მიშელს, ევროკავშირს ეუბნება, რომ ის აპირებს რეფორმების გატარებას სასამართლოში, მეორე ხელით კი „მწვანე შუქს“ უნთებს „კლანს” , რომელიც კიდევ ცდილობს განიმტკიცოს ძალაუფლება სასამართლო ხელისუფელბაში. სინამდვილეში, ყველანაირი დანიშვნა უნდა გაჩერდეს, ამას მიუთითებს ევროკავშირი, უზენაეს სასამართლოში დანიშვნა უნდა შეჩერდეს ხელისუფლების ცვლილებამდე. მხოლოდ შემდეგმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები.

„კლანის” მიერ კიდევ ერთი ტალღის დანიშვნა უზენაესში ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” იბრძვის, რათა ბოლომდე, ყველა სკამი მას ჰქონდეს სასამართლოში, ეს წინაააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც დასავლეთს ეუბნებიან”, – აღნიშნავს დოლიძე და დასძენს, რომ „კლანს“ ერთი თავისუფალი ადამიანისაც კი ეშინია, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის შეშვება არ უნდათ არც უზენაესში, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”.