„რა ქნას, მოშივდა საბრალოს” – სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მისი გაკრიტიკების გამო პასუხობს და ამბობს, რომ ვაშაძისთვის ლანძღვა “ფულის კეთების ყველაზე ადვილი მეთოდია”.

“რა ქნას, მოშივდა საბრალოს. რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? — სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით, ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი”, — წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ივნისს, გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” განვითარების პერსპექტივა არ აქვს, რადგან სააკაშვილს, “რომელიც საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს”, არ უნდა, ლიდერობის შესაძლებლობა დაინახოს.

,,მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც,“ – განაცხადა ვაშაძემ.