ცვლილებები განათლების სისტემაში

სკოლის მოსწავლეთა ჩანთების სიმძიმეზე უკვე თავად განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს და ამბობს, რომ მომავალი წლიდან სასკოლო ჩანთა შემსუბუქდება. გარდა ამისა მინისტრი განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებს აანონსებს.

-„პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ რომ ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს. მეორე ცვლილება იქნება, რომ ჩვენ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივად ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშავოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს, ამის საშუალება უნდა ჰქონეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელობით ისარგებლოს. ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა, დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველ დღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ“ -განაცხადა ჯეჯელავამ.

P.S. მომავალ წლამდე კიდევ დიდი დროა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ სკოლაში პედაგოგებს არ მოსწონთ მოქმედი სახელმძღვანელო და ბავშვებს სხვა წიგნების შეძენასაც ავალებენ. ერთ-ერთ სკოლაში მე-7 კლასელ ბავშვებს მხოლოდ მათემატიკაში 5 წიგნი დააქვთ. მათემატიკა კი როგორც მოგეხსენებათ გაკვეთილების ცხრილში ყოველდღე წერია. ალბათ ბატონმა მინისტრმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, მოსწონთ თუ არა პედაგოგებს მოქმედი სახელმძღვანელოები. აბა წარმოიდგინეთ, ისედაც მძიმე ჩანთას კიდევ დამატებით 3 წიგნი რომ ემატება…

 

კომენტარის დატოვება