ზაალ უდუმაშვილი – თამარ ჟვანიას პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ არჩევნებზე ჩვენ ამდენი გაყალბებული ოქმი მივიღეთ

“ნაციონალური მოძრაობის’ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არა თუ ბოდიშს მოუხდის ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, არამედ ყველაფერს გააკეთებს, რომ გაყალბებული არჩევნების გამო მან პასუხი აგოს.

მისივე თქმით, თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობაა ყველა გაყალბებული ოქმი, რომლის შედეგადაც “ქართულმა ოცნებამ” 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

“ბოდიში კი არა, ჟვანიას მისამართით ზუსტად იგივე შემიძლია გავიმეორო დღესაც, რასაც აქამდე ვამბობდით. თამარ ჟვანია 2020 წლის არჩევნების მთავარი გამყალბებელია. სწორედ მან დაუშვა ის, რომ “ოცნებამ” პირდაპირ დაიწერა ის ციფრები, რომელიც საბოლოო ჯამში ოფიციალური გახდა. თამარ ჟვანიას პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ ამდენი გაყალბებული ოქმი მივიღეთ,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას 2020 წლის არჩევნების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ. სხდომის დაწყებამდე   მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ თუ ოპოზიციას ღირსება აქვს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს.