დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდე პატიმრობაში დატოვა.

გარდა ამისა, სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, რაც ასევე მოსამართლემ დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.