ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ქვემო ჭალაში აქცია-მსვლელობას მართავენ

სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ითხოვენ.

„ჩვენ ვმართავთ მსვლელობას ქვემო ჭალიდან და სამთავისის ტაძარში სანთლებს დავანთებთ. ჩვენ აღარ ვმართავთ აქციას სამთავისის პოლიციის განყოფილებასთან და მაგისტრალთან. ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას. ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა. ჩვენი პროტესტი აქ დასრულდება. ეს არის ჩვენი ოჯახის პოზიცია და გადაწყვეტილება. ამ ფორმით ვითხოვთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას“, – აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.

აქციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.