კახა ბექაური: პარადოქსია, რომ ასეთ თავისუფალ მედია გარემოში, მაყურებელზე ორიენტირებული პროდუქტი ნაკლებად იქმნება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით ყველაზე ლიბერალური მედიაპოლიტიკა აქვს და მაუწყებლობის დაწყება მხოლოდ 10 დღეშია შესაძლებელი, მაყურებელზე ორიენტირებული მედია პროდუქტი ნაკლებად იქმნება.

„პარადოქსია, რომ ასეთ მედია გარემოში, სადაც ყველაზე თავისუფალი მიდგომაა, მაყურებელზე ორიენტირებული პროდუქტი ნაკლებად იქმნება. რეალურად, რატომ გვჭირდება თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია გარემო? ცხადია იმისთვის, რომ საზოგადოებას, მაყურებელს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორც ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ბოლო არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჩვენი მედია გარემო პოლარიზებული, რადიკალური და სიძულვილის ენით გაჯერებულია. დღეს ჩვენს მედიაში, ხშირად, ყალბი ინფორმაცია ჭარბობს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ხშირია მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩემი აზრით, სწორედ სიძულვილის ენის გამოყენებით და აგრესიით ხდება ყველაზე ხშირად განსხვავებული აზრის შეზღუდვა, რაც ოპონენტებს შორის ჯანსაღ დისკუსიას უშლის ხელს. ადამიანებს არ უნდათ აგრესიის და თავდასხმის ობიექტი გახდნენ და განსხვავებული აზრის გამოხატვისგან თავს იკავებენ“,- განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს კახა ბექაურმა.