საბა ბუაძე – „ქართულ ოცნებაში” ვერც აცნობიერებენ, რომ ეს იქნება ის სასამართლო, რომელიც მათ შეჭამს – ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა უმსგავსობას პარლამენტშიც დავუპირისპირდეთ

ვერც აცნობიერებენ იმას, რომ ეს იქნება ის სასამართლო, რომელიც მათ შეჭამს, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შეჭამა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” წევრმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ მოსამართლების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე სასამართლო სისტემის რეფორმა არ განხორციელდება.

„ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პარლამენტშიც დავუპირისპირდეთ იმ უმსგავსობას, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა. პირდაპირ ცდილობენ, რომ შეთანხმება დაარღვიონ, რადგან ამ შეთანხმების ტექსტში ძალიან მკაფიოდ წერია, უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა იქამდე, სანამ რეფორმები არ განხორციელდება. ამაზე უფრო ანეკდოტური და ტრაგიკომიკული რა შეიძლება იყოს, აშშ-ის საელჩომ გაუყვითლა „ქართულ ოცნებას“ ის ვალდებულებები, რომელიც მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აიღეს და რომელშიც წერია, რომ სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს.

კობახიძეს ეს არ აწუხებს, რადგან ვანო ზარდიაშვილის თანამებრძოლია. ეს ადამიანები ჯერ კაცმა არ იცის, სად იყვნენ 2012 წლამდე, თუმცა, ვიცით, რომ ვანო ზარდიაშვილი „კლანის“ ერთ-ერთი სახეა და 2012 წლამდე ყველა სიბინძურესთან იყო ასოცირებული მისი საქმიანი ბიოგრაფია.

ირაკლი კობახიძე, ოხანაშვილი და სხვები შემალულები იყვნენ უნივერსიტეტის ოთახებში მაშინ, როდესაც „ზონდერ“ მოსამართლეები ადამიანების გაუბედურებით იყვნენ დაკავებულები. ამიტომ, ისინი ვერ გრძნობენ ამას, როგორც პრობლემას. ისინი მაშინ ემსახურებოდნენ ამ მანკიერებას და ახლა თავად გადმოიბარეს ეს ინსტრუმენტი, უბრალოდ, ვერც აცნობიერებენ იმას, რომ ეს იქნება ის სასამართლო, რომელიც მათ შეჭამს, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შეჭამა. ამიტომ გვინდა ჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემა, რომ ამ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს“,-განაცხადა საბა ბუაძემ.