ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ

მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ

საქართველოს მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას აგრძელებენ, – პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მხარეებმა იმსჯელეს ეკონომიკის რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაჯანსაღების მიზნით ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მიზნით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყურადღება დაეთმო იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებას სახელმწიფო ამ სექტორისა და იქ დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად გეგმავს.

მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკურ აქტივობას, რაც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს.

სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს.

ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ საბანკო სექტორთან შეხვედრაზე მიიღო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა. ეს 3 თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ ასეთი შეხვედრა და ასევე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება 3 თვით. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა და აქვს კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საპროცენტო გადასახადის გადავადება 3 თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განმარტა პრემიერმა.