“რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ და არა ფულის საშოვნელად წასულმა ცალკეულმა პოლიტიკოსებმა”

22 ივნისს „ერეკლე მეორეს საზოგადოება“ აწყობს შეკრებას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოქალაქეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები  დაესწრებიან. შეკრებაზე შეიმუშავებენ საქართველოს პრემიერისა და პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომ დროა დიალოგი რუსეთთან თავად ხელისუფლებამ აწარმოოს და არა ცალკეულმა პირებმა თუ პოლიტიკოსებმა.

-„ რუსეთი ოკუპანტია და ამას მე უკვე წლებია ვამბობ არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც და ვამბობდი მაშინ, როცა სხვები დუმდნენ. დიახ, რუსეთი ოკუპანტია, თუმცა დიალოგი აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრემიერს და პრეზიდენტს, რომ მათ აწარმოონ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და არა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ თავიანთი პიარისთვის და ფინანსური კეთილდღეობისთვის ჩადიან რუსეთში.  

ვერც ერთი პოლიტიკოსი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ვერ შეძლებს, რადგან არ ექნება ლეგიტიმაცია. ჩვენ გვახსოვს, ადრეც ჰქონდათ ასეთი შეხვედრები. იგივე ბურჯანაძეს, ნოღაიდელს, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და ლოგიკურიცაა, მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია. კარასინი აბაშიძის ფორმატმა რაღაც მინიმალური შედეგი მაინც მისცა ქვეყანას ვაჭრობის თვალსაზრისით,  იმიტომ რომ აბაშიძეს აქვს ლეგიტიმაცია ხელისუფლების, მაგრამ დეოკუპაციის საკითხებზე აუცილებელია პუტინის და კვირიკაშვილის შეხვედრა.

გარდა ამისა, ქართული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები შეიძლება რუსეთში გახდნენ არა მარტო რუსული, არამედ სხვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ნადავლი, რომლებმაც შეიძლება დააფინანსონ კიდეც რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თუმცა შემდგომ მას ანტიქართული საქმე გააკეთებინონ.

სწორედ ეს იქნება მთავარი მესიჯი ჩვენი შეხვედრის-მივმართოთ მთავრობას-რუსეთთან პირდაპირი დიალოგი მხოლოდ  ხელისუფლებამ უნდა  დაიწყოს და არა ფულის „დასაცინცლად“ წასულმა პირებმა, რომლებიც 25 წელიწადია თითქოს აგვარებენ ქართულ – რუსულ ურთიერთობებს. მაგრამ საბოლოო ჯამში ვითარება რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ უარესდება, ხოლო ამ პიროვნებების ფინანსური მდგომარეობა კი უმჯობესდება…

შეხვედრის მონაწილეები მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტსაც გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს!-აცხადებს „ერეკლე მეორეს“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე.