„ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციაში იმყოფებიან, სადაც ვენეციის კომისიის 111-ე სესიას დაესწრებიან. 16 ივნისს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ.

„ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

„ჩვენ უკვე ვიცით ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრებები, შესაბამისად, ის პოზიტივებიც და შენიშვნებიც, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით აქვს.
როგორც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ყველა მნიშვნელოვან შენიშვნას და, ზოგადად, ყველა შენიშვნას, რაც გამოითქვა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსიაში ავსახავთ. სესიაზე ვენეციის კომისიას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით, გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებას, როგორ აისახება ეს შენიშვნები საბოლოო პროექტში. შესაბამისად, ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდი სრულად ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით.