ირაკლი ღარიბაშვილი – მოკლე პერიოდში მოვიზიდეთ 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარის დაფინანსება, რითაც შესაძლებელი გახდა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება

ბოლო ერთი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა.

„ჩვენი საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო წლების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც. მე სწორედ ამ რთულ პერიოდში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. პანდემიის გამო, შარშან ჩვენი ეკონომიკა შემცირდა 6,2 პროცენტით, თუმცა ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები, სახელმწიფო სხვადასხვა პირდაპირ დახმარებისა თუ შეღავათების სახით მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ 2 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახდა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი. რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას, ეს იყო 3 მილიარდი ლარი, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.