ნათია მეზვრიშვილი – საქმისთვის მოვედით და გარეთ ჩვეულებრივი მასკარადია – მიუღებელია ეს დაპირისპირება, რასაც ქუჩაში, ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის ჰქონდა ადგილი

საქმისთვის მოვედით და გარეთ ჩვეულებრივი მასკარადია – მაქსიმალურად უნდა დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ, კამპანია მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩავატაროთ. ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ამომრჩევლებიც ხედავენ, – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

მეზვრიშვილის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე შეაფასებს ხალხის იმას, რაც ახლა ხდება.

„ჩვენ აქ სხვა საქმისთვის მოვედით და გარეთ ჩვეულებრივი მასკარადია. ის, რაც ახლა გარეთ ხდება მიუღებელია. 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამ ყველაფერს, რაც გარეთ ხდება, ხალხი შეფასებას მისცემს. მიუღებელია ეს დაპირისპირება, რასაც ქუჩაში, ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის ადგილი ჰქონდა. ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს. ისედაც სიძულვილით არის გაჯერებული გარემო. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ვიხილეთ ბოლო დღეებში სიძულვილის ამ კამპანიასთან დაკავშირებით და ძალიან ცუდად აისახება ეს ყველაფერი შედეგებზე.

მაქსიმალურად უნდა დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ, კამპანია მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩავატაროთ. ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ამომრჩევლებიც ხედავენ.

ამას ბუნებრივია, წერტილი 2 ოქტომბერს დაესმება. მიუღებელი, ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი. მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს ასეთი პროვოკაციებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ამომრჩეველი 2 ოქტომბერს არჩევანს გააკეთებს იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც ასეთ კინკლაობასა და დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებს და მთავარია ხალხი, ქვეყანა და სახელმწიფო“,- აღნიშნავს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.