ირაკლი ღარიბაშვილი-საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით მზადაა,, გახდეს ნატოს წევრი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს ნატოს წევრი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს, რათა ევროატლანტიკურ სივრცეში  მისი ინტეგრაცია სრულად მოხდეს.

„საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს ნატოს წევრი. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ ოფიციალურად. ღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე.”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უმაღლეს დონეზეა ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანასთან, ამერიკის  შეერთებულ შტატებთან.

„საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები. ასევე წელს, თებერვალში  საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი”,  გაზრდილი დაფინანსება.

ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.

მე უკვე განვაცხადე, რომ საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს ნატოს წევრი”- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.