ირაკლი ღარიბაშვილი ხაბეიშვილს – 2013-2014-ში კარგი ბიჭი იყავით, მიხვდებით, სადაც გნახეთ – ახლა საერთოდ გახვედით კონტროლიდან

ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას პლენარულ სხდომაზე.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იაფფასიანი, მდარე ხარისხის კითხვები საზოგადოებას არ აინტერესებს.

„2013-2014-ში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, სადაც გნახეთ. მაშინ კარგი ბიჭი იყავით, რა გიპასუხოთ არ ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. ეს იაფფასიანი მდარე ხარისხის კითხვები არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. რა არის ტყუილი? ჩემი ნათქვამი ტყუილია, რომ გახვედით კონტროლიდან?!“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ხაბეიშვილმა პრემიერი მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში და ნეპოტიზმში დაადანაშაულა.