ალეკო ელისაშვილი – ეს იყო გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი, სიძულვილის ფოიერვერკი – იმის მაგივრად, რომ ხალხის პრობლემებზე გვესაუბრა, იყო “შენი 9 წელი-შენი 9 წელი” “შენი ფარცხალაძე-შენი კეზერაშვილი” – კატასტროფაა!

ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის, წყლის ნაყვა, ზიზღის, სიძულვილის ფოიერვერკი, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან  პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, სადაც იგი მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიურ ანგარიშს აცნობდა.

“ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის, წყლის ნაყვა, ზიზღის, სიძულვილის ფოიერვერკი, უსაგნო კამათი და დავიდარაბა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე გვესაუბრა, რა ეშველება ამ საცოდავ, გაღატაკებულ ქვეყანას – “შენი 9 წელი-შენი 9 წელი” “შენი ფარცხალაძე-შენი კეზერაშვილი” – კატასტროფაა!

კიდევ კარგი რამდენიმე დეპუტატმა რაღაცეები ჩავაკვეხეთ. კიდევ თავს ვიმშვიდებ, რომ პენსიონერებთან დაკავშირებით პასუხი მივიღე, კიდევ კარგი მივიღე პასუხი, რომ ვეტერანების დახმარება გაიზრდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან, კიდევ კარგი რაღაცეები ძლივს გამოვგლიჯეთ ღარიბაშვილს, თორემ დანარჩენი ზიზღი და სიძულვილი იყო”,- აღნიშნავს ელისაშვილი.