„ლელოს“ წევრების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება.  ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ შეხვედრები აშშ-ის სენატში გამართეს. ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფრაქცია ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება იქნას სრულად შესრულებული და ქვეყანაში მოხდეს მართლმსაჯულების ნაწილში გათვალისწინებული რეფორმების, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების განხორციელება.

„დღეს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სენატში. რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები სრულად ინფორმირებულნი არიან იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ჩვენ ვეჯახებით შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის ნაწილში. ასევე, ის რეგიონული გამოწვევები, რომლებიც ქვეყანას აქვს და რაც მთავარია, მათი ყურადღების ფოკუსია მართლმსაჯულების რეფორმირებაზე, მომავალ არჩევნებზე. იგულისხმება ადგილობრივი არჩევნები. მათ კარგად ესმით, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი შემდეგი წლების განმავლობაში. მე მინდა, გითხრათ, რომ ძალიან პროდუქტიული საუბრები გვქონდა და რაც მთავარია, აშშ რჩება ჩვენი ქვეყნის უერთგულეს მეგობრად, რომელიც დიდი ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიდის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრებზე მათი მხრიდან იქნა გაჟღერებული მზაობა, რომ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ყველა ნაბიჯს გადადგამს, რათა შარლ მიშელის შეთანხმება იყოს სრულად იმპლემენტირებული, ასევე სრულად განხორციელდეს მართლმსაჯულების ნაწილში გათვალისწინებული რეფორმები და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები.

„ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა იციან, რომ ჩვენი სახით, ოპოზიციური კოლეგების სახით ჰყავთ საიმედო პარტნიორები ქვეყანაში, რომელთა ამოცანაა ქვეყნის სრულად დაბრუნება დასავლურ ვექტორზე, ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და საქართველოსა და შეერთებული შტატების პარტნიორობისა და მეგობრების კიდევ უფრო გაღრმავება“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.