მცირეწლოვნის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სამეგრელოში, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მამა-შვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულ მამა-შვილს სამი სახაზინო ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესს არც ერთი მხარის ახლობელი არ ესწრებოდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მომდევნო სასამართლო სხდომა 11 ივლისსაა ჩანიშნული.

მამა-შვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს. მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის ცნობით, 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, მამა-შვილმა, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.