მარინა კალიურანდი – ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს

ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.

კალიურანდის განცხადებით, ევროპარლამენტში  ბევრი იმასაც ვერ იტყვის, რომელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები. მისივე თქმით, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია საქართველო მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს მეტი უნდა ესაუბროს.

„ამაზე საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც იმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების­ საკითხებზე მუშაობს. როგორც საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეგობარი და გულშემატკივარი, გპირდებით, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დარჩება. ამავდროულად, ვფიქრობ, ქართველ ხალხს მცდარი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ. მაგალითად, გავიხსენოთ უვიზო რეჟიმის მიღება – თქვენ უფრო ადრე იყავით ამისთვის მზად, ვიდრე უკრაინა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს მოუწია, უკრაინას დალოდებოდა. ასეთია რეალობა­ – თქვენ მზად იყავით, მაგრამ ლოდინი მოგიხდათ, რადგან პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობდა“,- განაცხადა კალიურანდმა.

ამასთან, კალიურანდის განცხადებით, დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, მის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს, მაგრამ მეორე მხარეს არის რეალობა, რომლის აღქმა ემოციების გარეშე უნდა შეგვეძლოს. დღეს ევროპარლამენტი და, საერთოდ, ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის, იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე­ ქვეყანას კარი გაუღოს“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა.