საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ივანიშვილი დაესწრება

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 დეკემბერს, 11.00 საათზე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში“ გაიმართება“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პარტიისა და პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან,  მოწვეულია უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრი.

„საპარლამენტო უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრს აქვს მოწვევა უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს, 11.00 საათზე პარტიის ოფისში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე განცხადებით, სხდომაზე საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ.

„უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომაზე   მსჯელობა გვექნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ვიმსჯელებთ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.