დავით კირკიტაძე – თამარ ჟვანიამ პირადი რეპუტაცია მაღალ გასამრჯელოში გაცვალა – ასე ამთავრებს ყველა, ვინც ემსახურება ეშმაკს და დემონს

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი დავით კირკიტაძე  თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან  გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ყველა ასე ასრულებს, ვინც ეშმაკს ემსახურება”. ამის შესახებ მან “ტვ პირველზე  საუბრისას განაცხადა.

კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ თამარ ჟვანია მის გადაწყვეტილებებში თავისუფალი არასდროს ყოფილა.

“არც დღეს და არც გუშინ თამარ ჟვანია მის გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ ყოფილა. როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, ჟვანიაც პასუხს აგებდა ივანიშვილის წინაშე. საქართველოში არჩევნებს წარმართავს სუს-ი, ეს არის პოლიტიკური პოლიცია, ხოლო საარჩევნო ოქმებზე ხელის მოწერას თავის თავზე იღებდა თამარ ჟვანია, რაშიც ის საკმაოდ მაღალ გასამრჯელოსაც იღებდა,”- აცხადებს კირკიტაძე.

კირკიტაძის თქმით, ჟვანიამ მისი პირადი რეპუტაცია გაცვალა მაღალ გასამრჯელოში.

“ჟვანიამ მისი პირადი რეპუტაცია გაცვალა მაღალ გასამრჯელოში, იმ მორჩილებაში, რომელიც “ქართული ოცნებისგან” მიიღო. საბოლოო ჯამში კი ვნახეთ რაც მიიღო, მივიღეთ ადამიანი,  რომელიც წინა ცხოვრებაში ქვეყნის განვითარებაში პოზიტიურ როლს ასრულებდა და დღეს არის სრულიად დემორალიზებული. სწორედ ასე ამთავრებს ყველა, ვინც ემსახურება ეშმაკს და დემონს. და ეშმაკი და დემონი არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება,’- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ჟვანიამ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას გაზრდის. ჟვანიას თქმით, ის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ივლისიდან აღარ გააგრძელებს.