ეკატერინე ტიკარაძე – ვაქცინაციას მაჩვენებელი გაუმჯობესდება, თუ მომდევნო სამ თვეში ყოველთვე ნახევარ მილიონ მოქალაქეს ავცრით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს ამცრელთა 281 ბრიგადა

„მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, ვაქცინაციის რამდენი პუნქტი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რა არის მათი გამტარუნარიანობა, ასევე, რა რის შემდეგი გეგმა სახელმწიფოსი. ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს ამცრელთა 281 ბრიგადა. თითოეული ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი რვასაათიანი გრაფიკით. თუმცა წინა კვირაში არაერთი სამუშაო შეხვედრისას, კლინიკების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ მზაობა და შესაძლებლობა, გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც ბრიგადების, ასევე, შესაბამისი საათების დამატებით. ვიცით, რომ მოქალაქეების ნაწილი არის დასაქმებული. შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ ხელშეწყობა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან დაკავშირებითაც, კლინიკების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა. ჩვენ ასევე გავზრდით სამუშაო საათებს. იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში არის მობილიზებული, შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა. მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, თუ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველთვე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ცნობით, დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით უკვე აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე.