დარწმუნებული ვარ, ,,ქართულმა ოცნებამ” თვითონ შეუწყო ხელი ჟვანიას გადადგომას – გიორგი გახარია

„ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი ჟვანიას გადადგომას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ გორში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს პარტიის რეგიონული ოფისი გაიხსნა.

„თამარ ჟვანიას გადადგომას შევაფასებ შემდეგნაირად. ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 2020 წელს, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.