საპატრიარქოს განცხადება საფრთხის შემცველია – თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და შსს-ს ღირსების მარშის მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის თქმით, გავრცელებული განცხადება საფრთხის შემცველია და მოქალაქეებს ღონისძიების მონაწილეების წინააღმდეგ მობილიზებას ირიბად მოუწოდებს.

“მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

“თანასწორობის მოძრაობისთვის”, როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქი თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

– დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება;

– ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები”,- ნათქვამია განცხადებაში.