„მასტერა“-ცოტა სიმართლე და ბევრი ტყუილი…

საქალაქო სასამართლოში 2006 წელს ჩატარებული ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე განიხილება. პროცესზე სიტყვა წარმოთქვა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გია დგებუაძემ, იგივე “მასტერამ”. ის  უარყოფს მისი და მისი დანაყოფის ძალისმიერ ოპერაციაში მონაწილეობას და აცხადებს, რომ  ბრალდება სიცრუეზეა აგებული და არა უტყუარ მტკიცებულებებზე.

-“ჩემთვის, ცხადია, რაზეა აგებული ბრალდების სტრატეგია. ცოტა სიმართლისა და ბევრი ტყუილის გარევით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო და ჩემი პიროვნება გამოიყვანონ ისეთად, რომ ნებისმიერ დანაშაულზე ვარ წამსვლელი. მე არანაირად არ ვარ წინააღმდეგი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის, გარდა ერთისა, როცა საქმე გვაქვს სიცრუესთან და ტყუილთან. არანაირ ძალისმიერ ოპერაციაში და არანაირ დაკავებაში არ მიმიღია მონაწილეობა არც მე და არც ჩემს დანაყოფს, იმიტომ რომ ეს არ გვქონდა დავალებული.
მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს პროკურატურა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო იძულებულია წარმოაჩინოს საქმის არა რეალური ვითარება, არამედ საკუთარი ინტერპრეტაცია, სკანდალური სახე მისცეს მას და გამოიყენოს ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საზოგადოებისთვის მიუღებლები არიან. ეს იყო ორდინალური სპეცოპერაცია, რომელიც დამთავრდა ტრაგიკულად და ამის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, თუნდაც პოლიტიკური თუ სუბიექტური მიზნებისთვის დაუშვებლად მიმაჩნია” – განაცხადა დგებუაძემ სასამართლო დარბაზში.

კომენტარის დატოვება