მიხეილ სარჯველაძე – სრულიად დაუშვებელი და წარმოუდგენელია ის, რაც დღეს ვიხილეთ, არაერთი დანაშაული, რომელსაც რეაგირება სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სრულიად დაუშვებელია ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არაერთი დანაშაული, რასაც უსწრაფესი რეაგირება სჭირდება.

„ის, რაც დღეს ვიხილეთ, არის სრულიად დაუშვებელი და წარმოუდგენელი. ჩვენ ვიხილეთ არაერთი დანაშაული, პირდაპირ შემიძლია ამაზე განცხადება გავაკეთო, არაერთი დანაშაული, რომელსაც, რასაკვირველია, სჭირდება უსწრაფესი რეაგირება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არ არის ის, რაც ჩვენ წინ წაგვიყვანს, ეს არ არის მომავალი საითკენაც ვისწრაფვით, არც ერთ შემთხვევაში არ არის შესაწყნარებელი ის ქმედებები, რომელსაც ვხედავდით უხვად დღეს თბილისის ქუჩებში. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა მსგავსი გამოხტომისა, ეს არის დაუშვებელი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, განვითარებულ პროცესებზე საჭიროა განსაკუთრებული რეაგირება და დარღვევებზე პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს პროცესები იმსახურებს განსაკუთრებულ სამართლებრივ რეაგირებას, მათ შორის საზოგადოებრივ შეფასებასთან ერთად და რასაკვირველია, ამან არ უნდა დააყოვნოს. აუცილებელია პასუხისმგებლობის დადგომა იმ დარღვევებისთვის, რომლებიც ყველამ ვიხილეთ. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში ეს საჭიროებს თვალის მიდევნებას და შემდგომ შეფასებების გაკეთებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.