ნინო ლომჯარია – ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ საზოგადოების დაკვეთა არ არის

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დღეს, პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით მდუმარე აქცია ჩატარდება, რომლითაც გუშინდელ მოვლენებს გააპროტესტებენ.

როგორც ლომჯარია წერს,  ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა.

“მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!”- წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, “გირჩი მეტი საქართველოსთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გუშინდელი ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს აქცია  დააანონსა. აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან.  აქციის გამართვას აპირებენ მედიის წარმომადგენლებიც, სადაც გუშინ მომხდარ ძალადობის ფაქტებს გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.

მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები,მოგვიანებით “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრა სცადეს. დღის განმავლობაში გამართულ აქიებზე კი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი მოვლენების გამო, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს განვიტარებული მოვლენების დროს, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა.