მედიის წარმომადგენლები დღეს მთავრობის კანცელიარიასთან აქციას გამართავენ

მედიის წარმომადგენლები გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს აქციას გამართავენ.

მათ თავდაპირველად აქცია პარლამენტის შენობის წინ დააანონსეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიტიკური პარტიებიც იკრიბებიან,  აქციის გამო ლოკაცია შეცვალეს.

მედის წარმომადგენელების განცხადებით, მდუმარე აქცია მთავრობის კანცელარიის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, “გირჩი მეტი საქართველოსთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გუშინდელი ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს აქცია დააანონსა.აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან.

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.

მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები, მოგვიანებით “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრა სცადეს. დღის განმავლობაში გამართულ აქიებზე კი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი მოვლენების გამო, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს განვიტარებული მოვლენების დროს, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა.