“პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა

თბილისში გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით, შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება. სამინისტროს წარმომადგენელი ნაკაშიძის მიმართ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ასევე, უწყების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დაკავებული შესაძლებელია, სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებდეს, რის გამოც, ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება თავად დაკავებულს, მან აღიარა, რომ იგინებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ “9 აპრილის მემორიალთან გარყვნილებას ვერ დაუშვებდა”.

“პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ, ემოციაში ვიყავი და შევიგინე, ბოდიშს ვიხდი, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ვიყავი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ დავდგები, მაგრამ ვინანიებ და ბოდიშსაც ვიხდი”, – განაცხადა ნაკაშიძემ.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.