შოკირებული ვარ ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების გამო – ეუთოს წარმომადგენელი

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო გმობს თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

„თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო შოკირებული ვარ და ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მკაცრად ვგმობ. მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად“, – აღნიშნავს რიბეირო.

ტერეზა რიბეირომ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში განხორციელებული ყველა ძალადობრივი ინციდენტისა და მედიის მუშაკების მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს.