შუაში ჩავდექი, ამ დროს უგულავამ მუშტი მოიქნია და თვალში მომარტყა – ძიუდოისტი ე.წ. აეროპორტის ინციდენტზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ძიუდოისტმა ბადრი გავაშელიშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ დაინახა გიგი უგულავა და დავით პარკაძე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც მათ შორის ჩადგა და უგულავამ მას დაარტყა.

ძიუდოისტის ინფორმაციით, 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მის მეგობარ დავით პარკაძესთან ერთად მივიდა და ერთ-ერთ კაფეში შესვლის შემდეგ დაინახა როგორ აყენებდნენ უგულავა და პარკაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთმანეთს, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

“2019 წლის 11 დეკემბერს მე და ჩემი მეგობარი დავით პარკაძე მივემგზავრებოდით უკრაინაში, დაახლოებით 23:00 საათზე მივედით აეროპორტში. მეორე სართულზე ველოდებოდით გაფრენას. რამდენიმე წუთი გვქონდა დრო და ჩემმა მეგობარმა მთხოვა კაფეში შევსულიყავით. შესვლისთანავე შემომესმა შეურაცხმყოფელი ხმაური, დავინახე, რომ გიგი უგულავა და დავით პარკაძე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც ჩავდექი შუაში, ვერ ვხვდებოდი რატომ აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, მე ხელი ვკარი და მოგერიების მიზნით მოვიშორე თავიდან, ცალკე ჩემს მეგობარს ვაშველებდი, რამდენჯერმე ხელი მომიქნიეს და მომარტყეს, ვიჭიდავეთ და წავიქეცით, რა დროსაც მოვიდა პოლიცია და გამოგვიყვანეს”, – განაცხადა ბადრი გავაშელიშვილმა.

შეგახსენებთ, აღნიშნიშნული შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.