5 ივლისს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სახელმწიფო არ არის – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ბესელიამ გადაცემა “ნიუსრუმში” აღნიშნა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ფანჯრების წინ საშინელ დარბევას უყურებს და არ უჩნდება სურვილი, თუნდაც ერთ ჟურნალისტს გადაეფაროს, ძალიან ცუდი სანახავია.

“ორშაბათი დღე იყო, როდესაც ვნახეთ, რამდენად უხერხემლო, ინსტიტუტების გარეშე, დაცვის მექანიზმების გარეშე აგრესიის ჯგუფებს იყვნენ შეტოვებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და უფრო მეტიც, ამ ჯგუფების უკან ხელისუფლების ხელი დავინახეთ. მათ შესაძლებლობა მისცეს ეთარეშათ, ეძალადათ ადამიანებზე. აი, ოპერატორს რომ თვალს ამოთხრი და თავს გაუჩეჩქვავ, ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი… მეორე დღე წინა დღის პასუხი იყო. ბევრი რამ გამორჩა, არ დაგვავიწყდეთ, ორჯერ დახეული ევროკავშირის დროშა, რაც ღია გზავნილი იყო. სად მიდის ხელისუფლება, თუ დასავლურ ღირებულებებს ებრძვის?! მიდიხარ ჩრდილოეთისკენ.

პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც მისი ფანჯრების წინ საშინელ დარბევას უყურებს და არ გაუჩნდა სურვილი, იქ ჩასულიყო და თუნდაც ერთ ჟურნალისტს გადაფარებოდა, ეს ჩემთვის ძალიან ცუდი სანახავია. პარლამენტი არ არსებობს, პარლამენტის წინ ხდებოდა ეს ძალადობრივი აქტი. 5 ივლისს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სახელმწიფო არ არის“, – განაცხადა ბესელიამ.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ ღონისძიებასტან დაკავშირებით დედაქალაქში არეულობა იყო.”პრაიდის” მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ისინი ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უსწორდებოდნენ, შსს-ის ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.