“თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ”

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო მსოფლიოს აჩვენებს როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს და შესაძლებლობებს.მისივე განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გახანგრძლივება 22 მაისის ჩათვლით, ქვეყანას მისცემს საშუალებას წარმატებით გაიაროს ეს რთული გზა რომ პანდემიასთან ბრძოლა დასრულდეს.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ საგანგებო რეჟიმის გაგრძელება საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და არჩევნების ვადაზე არ იქონიებს გავლენას. ასევე მან სიამაყით აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სხვა ქვეყნების მსგავსად არ შეხებია სიტყვისა და მედიის თავისუფლებას.
„ყველა მიმართულებით გაწული ძალისხმევის შედეგად ჩვენ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. გუშინ ჩემთან საუბარში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა უმაღლესად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, აღნიშნა, რომ სწორედ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. მაგრამ როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს, ამიტომ ზრდის ტემპი უნდა ვაკონტროლოთ და ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა უნდა შევძლოთ.”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.