მოსეს რჯულს ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით გულქვაობის გასამართლებლად – დეკანოზი

“ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს,”- ასე გამოეხმაურა დეკანოზი თამაზ ლომიძე მიტროპოლიტი მეუფე იოანეს ქადაგებას, სადაც მან მოსეს რჯულის ციტირება მოახდინა და ბავშვებზე ძალადობა გაამართლა.

როგორც თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, მოსეს რჯულში ნამდვილადაა მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ არაებრაელმა ქრისტიანებმა იესოს რჯული უნდა დაიცვან. მისივე თქმით, “ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული და მას უნდა დავექვემდებაროთ.”

“თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო. ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული”, — წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგებისას ბავშვებზე ძალადობა გაამართლა და არგუმენტად მოსეს რჯულის კანონები მოიყვანა.