5 ივლისს პოლიციელების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა – მიხეილ სარჯველაძე

“5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისას პოლიციის არასაკმარისი რაოდენობა იყო მობილიზებული,” – ამსი შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალსტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით,  მოვლენების ამგვარი განვითარება “მოულოდნელი იყო”.

“5 იქნება, 25 თუ 125 ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ [ძალადობის] არც ერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების და სათანადო სამართლებრივი პასუხის გარეშე. იმ დროს, როცა ეს ინციდენტები დაიწყო, ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი მოვლენების ასე განვითარება, შესაბამისად პოლიციელების ის რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ უზრუნველეყო აბსოლუტური დაცვა ჟურნალისტების უსაფრთხოების და სხვა ადამიანების. მყისიერი იყო რეაგირება ესეც უნდა ვთქვათ და ძალიან სწრაფად რაოდენობა შეიქმნა ისეთი, რომელმაც შემდგომ ესკალაცია გამორიცხა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა “პრაიდის” მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დაარბიეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ გაიმართა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.