მოსკოვიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სცენარი ჟურნალისტებსა და ერთ უცხოელზე თავდასხმას გულისხმობდა – სანიკიძე

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას​“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში” 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც სანიკიძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, ის, რაც 5-6 ივლის თბილისში მოხდა, წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით განვითარდა. მან აქვე დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ორი თვის წინ მოსკოვიდან ჩამოსულმა მეგობარმა მიაწოდა.

“გითხარით სცენარი გულისხმობდა ჟურნალისტებზე თავდასხმას, ერთი უცხოელი, ან დაეჭრათ, ან გაელახათ, გვამზეც იყო ლაპარაკი… შენ ხომ შენს ინფორმატორებზე გაქვს… და ისე მაქვს მეც! და აქედან კი არა იქედან მაქვს ინფორმაცია…

წამყვანის კითხვაზე – იქედან საიდან? სანიკიძემ უპასუხა, რომ მას ესინფორმაცია  მოსკოვიდან აქვს.

“მოსკოვში მყავს მეგობრები, მათგან ერთ-ერთი ორი თვის წინ ჩამოვიდა და ყველაფარები მომიყვა, თუ რა უნდა მომხდარიყო,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა “პრაიდის” მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დაარბიეს. “პრაიდის” მოწინაღმდეგეების მისერ დაშავდა ერთი უცხოეთის მოქალაქე.  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ გაიმართა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.