ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეუთო/ ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი მისთვის გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი.

მისივე თქმით,  ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეეჩერებინა, გაუგებარია.

“ეუთო/ოდირის შეფასება ეს არის შუალედური და არა საბოლოო. დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებს და გამოქვეყნებას. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს.

შესაძლებელია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საფუძვლად დაედოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შეფასებაში იქონიოს გავლენა, პირიქით ვერ იქნება.

19 აპრილის შეთანხმება ჩვენ რაიმეს არ გვავალდებულებდა ისეთს, რაც ამ პროცესი უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ, როგორც ჩანს, საბოლოო დასკვნაში მათ მოუწევთ დაკორექტირება. ჩვენ რაც გვევალებოდა, პირნათლად ვასრულებთ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე.