მამუკა ხაზარაძე – მიშელთან შეხვედრაზე ჩემი შეთავაზება იყო, პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს, გაფორმდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტი

ჩემი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან გადავიდეს ასე ვთქვათ, კონკრეტულ მოდერატორობაში, რომ უფრო აქტიურ ფაზაში იყოს დიალოგი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, მათ შორის შესაძლოა, იყოს პლებისციტი.

ამასთან, ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ავუხსენით შექმნილი ვითარება, თავადაც ინფორმირებული იყო. ბუნებრივია, მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად შარლი და ევროკავშირი საქართველოს უწევს. ჩემი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს ასე ვთქვათ, კონკრეტულ მოდერატორობაში, რათა უფრო აქტიურ ფაზაში იყოს დიალოგი. აქვე დავაფიქსირებ, რომ ოპოზიციას არასდროს დიალოგზე უარი არ უთქვამს. ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, პანდემიურ კრიზისში, ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება არის დაპირისპირებული. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რათა სახელმწიფოებრივი მშენებლობა გავაგრძელოთ, არის რიგგარეშე არჩევნები.

შევთავაზეთ რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა ვარიანტი. შესაძლოა, ეს გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე ან პირდაპირ დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ხაზი იყო გასმული, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ოპონენტების მიმართ იარაღად გამოყენება უნდა დამთავრდეს.
იმედი მაქვს, ეს ყურადღებული იქნება და ჩვენ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ ამ პროცესში.

ასევე შევთავაზე, რომ უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება. ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ქვეყნის გარშემო. ესეც მგონია, ყურად იღეს, რომ როცა დამთავრდება ყველა საკითხი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის წარმოშობილი, დამთავრდეს დიდი ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკავშირის ოფისში შეხვდა.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.