ოდირ-ის ანგარიში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების პროცესში, – აღნიშნა დღეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა მონიტორინგის მესამე ანგარიშში, რომელიც თავად ორგანიზაციან გაავრცელა.

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა, ყველა ქვეყანაში. მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა ოდირ-ის (ODIHR) დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.

ODIHR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ახდენს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წარდგენის პროცესში არსებული მთელი რიგი ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას და წარმოაჩენს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად, რომელიც სამჯერ წარიმართა, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს.

ორგანიზაციის ცნობით, მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე, იმ პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, რომელიც იქნა მიღწეული ამ წლის დასაწყისში.

ODIHR განაგრძობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და საბოლოო ანგარიშში წარადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.