რაც რუსეთის მხრიდან უკრაინელების მიმართ ხორციელდება, არის დასჯის აქტი, პრემიერის ფრაზას ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა – ირაკლი კობახიძე

სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რაც პრემიერმა ბუჩასთან დაკავშირებით თქვა.

„უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი და ის რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ არის, რა თქმა უნდა, დასჯის აქტი, ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია, სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც, ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა, რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს, უკრაინას, ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს და ყველა თვალსაზრისით ზიანი იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ სხვა, არის ძალიან მძიმე.

ასევე ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება, წარმოიდგინეთ სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის და ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას”, – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ  „ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის“.