გაზრდილი უსაფრთხოების რისკების ფონზე, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ აგრძელებენ ქვეყნისთვის დამაზიანებელ რიტორიკას – პაატა მანჯგალაძე

გაზრდილი უსაფრთხოების რისკების ფონზე, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ აგრძელებენ ქვეყნისთვის დამაზიანებელ რიტორიკას, ქვეყანაში მტრების ძიების, საზოგადოების დაყოფისა და დახლეჩის გზით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებმა ცხადყო, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ როგორც სანდო პარტნიორს არ განიხილავენ.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს დამაზიანებელ რიტორიკას, რომ თითქოს საზოგადოება გაყოფილია მშვიდობისა და ომის ჯგუფებად. მაშინ როცა ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან გაკეთდა შეთავაზება ერთიან ფორმატებზე, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატზე და ევროპაში ერთობლივ დელეგაციებზე, რასაც გამოეხმაურა 20-ზე მეტი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, „ქართული ოცნება“ დაკავებულია კვლავ მტრების ძიებით.

ნაცვლად იმისა, რომ ერთად გვემუშავა უსაფრთხოების, ევროპაში ინტეგრაციის, ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოგვიწოდებენ, ,,ქართული ოცნება” აგრძელებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ ქმედებებს და შემოაქვს შიდა დაპირისპირებისა და განხეთქილების წამახალისებელი თემატიკა” – განაცხადა მანჯგალაძემ.